როდესაც სინათლე საუბრობს: ალექსანდრე ვაშაყმაძის მხატვრული სამყარო

ალექსანდრე ვაშაყმაძე – თანამედროვე, 1994 წელს დაბადებული ქართველი იმპრესიონისტი მხატვარი, რომლის შემოქმედება სცდება ვიზუალური სანახაობისა და ესთეტიკური ტკბობის საზღვრებს. მისი შემოქმედება არის ემოციური და სულიერი მოგზაურობა ტრანსცენდენტულ სამყაროში, რომლითაც მხატვარი ცდილობს დაგვანახოს, რომ ღვთიური კვალი ყველგანაა, მათთვის, ვისაც მისი დანახვა სურს.


მხატვარი ტილოებზე ქმნის სიზმრისეულ, ზღაპრულ სამყაროს, რომელიც მის სულიერ ხედვებსა და განცდებს გამოხატავს. თითოეული მონასმი სამყაროს სულიერი არსის გამოსახვის მცდელობაა, თითქოს მხატვარი სულის ენაზე საუბრობს – სამყაროს სულიერ არსს განიცდის და ხატავს.

მის ნამუშევრებში სინათლე არ არის მხოლოდ ვიზუალური ეფექტი, ეს არის მარადიული სიმბოლო რწმენისა და სულიერი სიმშვიდის, რომელიც თითქოს გაუჩერებელ ნაკადად მოედინება და ჩვენი ცნობიერების დაფარულ კუთხეებს აღწევს. მხატვრის ხელოვნება არა მხოლოდ აღბეჭდავს სამყაროს მშვენიერებას, არამედ ცდილობს დაგვანახოს მისი სიღრმისეული სულიერი არსი.
ალექსანდრე ვაშაყმაძის ხატვის სტილი მრავალფეროვანია. ის არ შემოიფარგლება ერთი კონკრეტული მხატვრული ესთეტიკით და მისი ნამუშევრები სხვადასხვა სტილისტური ელემენტის ნაზავია. ვაშაყმაძის ნამუშევრებიდან ზოგიერთი შესაძლოა ვინსენტ ვან გოგის ესთეტიკას მოგვაგონებს, მაგრამ ეს არ უნდა აღვიქვათ, როგორც მიმბაძველობა. ალექსანდრეს ეს ნამუშევრები ვან გოგის მიმართ ღრმა პატივისცემის გამოხატულებაა. მისი მიზანი არ არის ვან გოგის ხელოვნების გამეორება, არამედ იმ ფილოსოფიური თემებისა და სიმბოლოების განვითარება, რომლებიც ვან გოგისთვისაც უმთავრესი იყო. ალექსანდრე იზიარებს ვან გოგის ხედვას სამყაროსა და სულიერებაზე, მაგრამ ამ ხედვებს ახლებურად და ორიგინალურად წარმოაჩენს, საკუთარი ემოციური და სულიერი ინტერპრეტაციის მეშვეობით.

მისი ეს ნამუშევრები გვთავაზობს არა უბრალოდ ვან გოგის სტილის გაგრძელებას, არამედ უნიკალური ხედვისა და სტილის ნაზავს, რაც თანამედროვე ხელოვნებაში კიდევ ერთ გამორჩეულ ხასიათს აყალიბებს.

Reaper ალექსანდრე ვაშაყმაძის 2019 წლის ნამუშვარია. გთავაზობთ განხილვას, რომელიც მხატვრის შემოქმედების გაგებისთვის ერთგვარი გასაღები შეიძლება გახდეს.

Reaper/მთიბავი - მზის დიდებულება და ხორბლის უსასრულო ოქროსფერი ზღვა გვეგებება ამ ტილოზე. პირველი, რაც თვალში გვხვდება, ნათებაა, რომელიც თითქოს პულსირებს თითოეულ მონასმში. აქ ჩრდილისთვის ადგილი არ არის: ყველაფერი სუნთქავს სინათლით, მადლითა და სითბოთი. თუმცა კომპოზიციური სიმარტივის მიღმა გაცილებით მეტი იმალება.


ცენტრალური ფიგურა, მთიბავი ცელით ხელში და კონუსისებრი ქუდით, ერთი შეხედვით მხოლოდ პასტორალური სცენის ნაწილია, მაგრამ მისი სახე მრავალშრიანია. ეს მთიბავი განასახიერებს ადამიანის ჰარმონიას სამყაროსთან. თუ მუნკის კივილი გაუცხოებისა და შინაგანი შფოთვის გამოხატულებაა ქაოტურ და აბსურდულ სამყაროსთან მიმართებაში, მაშინ ეს მთიბავი მისი ანტიპოდია. ის სიმშვიდისა და თავდაჯერებულობის სიმბოლოა. უსარულო ოქროსფერ, სინათლით სავსე მინდორზე მისი ყოფნა მიუთითებს იმ ჰარმონიაზე, რომლისკენაც ადამიანი რწმენას მიჰყავს. ქუდი, რომელიც გვაგონებს შარავანდედს, სიმბოლიზირებს ამ შრომის მადლსა და სიწმინდეს. აქ, ბუნების გულში, ადამიანი არა მხოლოდ შრომობს, არამედ ღვთაებრივი განზრახვის ნაწილად გრძნობს თავს.

ხორბლის ზღვა იქცევა იმ ძღვენის მეტაფორად, რომელიც რწმენას მოაქვს. ეს მინდორი სულიერი სამყაროს ნაყოფის სიმბოლოა, იმ სიმშვიდის შეგრძნებების, რომლებიც ავსებენ ადამიანს, რომელმაც თავისი ადგილი იპოვა მზის ქვეშ. ყოველ თავთავში ამ სამყაროს პოეზიაა, თითოეული მათგანი კი არის ძაფი, რომელიც აკავშირებს ცასა და მიწას.

მზე, როგორც ავტორის სხვა ნამუშევრებშიც, აქაც ტრანსცენდენტურ ძალას ატარებს. ეს არ არის მხოლოდ სინათლის წყარო, არამედ ჭეშმარიტების, უმაღლესი მადლის სიმბოლო, რისკენაც მიისწრაფის როგორც ბუნება, ასევე ადამიანი. მისი სხივები იღვრება მთელ სივრცეში, რაც ხაზს უსვამს იმ სრულყოფილებასა და უსასრულობას, რომლის გადმოცემასაც ცდილობს ავტორი.

ეს სურათი ჰარმონიისა და სულიერი სიხარულის ჰიმნია. ის არ ასახავს უბრალო შრომასა და ბუნებას, არამედ სთავაზობს მაყურებელს დაფიქრდეს იმაზე, თუ როგორ შეუძლია რწმენას გარდაქმნას შინაგანი სამყარო, მიანიჭოს ადამიანს არა მხოლოდ სინათლე, არამედ მტკიცე რწმენა საკუთარ ადგილზე ამ სამყაროში.

"მთე­ლი ჩემი შე­მოქ­მე­დე­ბა და ზო­გა­დად ცხოვ­რე­ბის აზრი, ჭეშ­მა­რი­ტე­ბის ძი­ე­ბაა და ამ უმ­ძი­მეს გზა­ზე ნაბ­რძო­ლი და გან­ცდილ-და­ნა­ხუ­ლი ხდე­ბა ჩემი შთა­გო­ნე­ბის წყა­რო. იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ქრის­ტი­ა­ნუ­ლად ცხოვ­რე­ბას ვცდი­ლობ და ყვე­ლა ჩემი მოქ­მე­დე­ბა, ქრის­ტი­ა­ნუ­ლი პრიზ­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე­ობს, თა­მა­მად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ არა­მარ­ტო ხე­ლოვ­ნე­ბა­ში, ზო­გა­დად ყვე­ლა­ფერ­ში სა­კუ­თა­რი თა­ვი­დან და­წყე­ბუ­ლი, გარე სამ­ყა­რო­თი დამ­თავ­რე­ბუ­ლი, ვხე­დავ ღმერ­თს და მის ხელს, რაც ჩემი აზ­რით გან­სხვა­ვე­ბულს ხდის ჩემს ნა­მუ­შევ­რებს. თუ რას ვგუ­ლის­ხმობ, ნა­ხატ­თან პი­რის­პირ დარ­ჩე­ნი­ლი დამ­თვა­ლი­ე­რებ­ლის­თვის მი­მინ­დვია." - ამბობს მხატვარი ერთ-ერთ ინტერვიუში.
"შთა­გო­ნე­ბის და­ბა­დე­ბის მო­მენ­ტი­დან, მე მხო­ლოდ სუ­ლი­ე­რი ძა­ლის გამ­ტა­რი ვხდე­ბი, უკვე კარ­გად მომ­წი­ფე­ბუ­ლი და და­ნა­ხუ­ლი კი ტი­ლო­ზე გად­მო­მაქვს, რად­გან შე­მოქ­მე­დე­ბა, ჭეშ­მა­რი­ტე­ბის სუ­ლის გა­რე­შე არ არ­სე­ბობს და უბ­რა­ლო ხე­ლო­ბა და სი­ცა­რი­ე­ლეა."

ალექსანდრე ვაშაყმაძის შემოქმედებამ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში დაიმსახურა ყურადღება, ხოლო მისი გამოფენები, მათ შორის პარიზის ლუვრში, მნიშვნელოვან ეტაპებად იქცა მისი შემოქმედებისთვის. მიუხედავად მიღწეული წარმატებისა, ალექსანდრე მუდმივად ავითარებს საკუთარ მხატვრულ ხედვას და განაგრძობს ახალი თემებისა და ფორმების ძიებას. მისი თითოეული ნამუშევარი მოწმობს, რომ ხელოვნება მისთვის მხოლოდ შედეგი კი არა, უწყვეტი პროცესი და ძიებაა. ამ პროცესს სულიერი და ემოციური სიღრმე ასაზრდოებს, რაც მის ნამუშევრებს განსაკუთრებულად ახლობელს ხდის როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო აუდიტორიისთვის.

Made on
Tilda