World Gallery

გუსტავ კლიმტი: კოცნა (1908-1909)

გუსტავ კლიმტის ნახატი „კოცნა“ წარმოადგენს ტილოზე აღბეჭდილ სიყვარულის ჰიმნს, სადაც გაერთიანებულია არა მხოლოდ სხეულები, არამედ სულებიც. 1908-1909 წლებში შექმნილ ამ ნამუშევარს მაყურებელი იმ სამყაროში გადაჰყავს, სადაც მიწიერი და ზეციერი ერთმანეთს ერწყმის ჰარმონიის ერთიან მომენტში. ბრწყინვალე ოქროსფერი ფონი ბიზანტიურ ხატებს მოგვაგონებს, რითაც მხატვარი ხაზს უსვამს სიყვარულის ღვთაებრივ ბუნებას, ამ გრძნობას წმინდ და მარადიული მნიშვნელობით ავსებს. ეს ფონიც, რომელიც წყვილს გარს აკრავს, გამოყოფს მათ გარე სამყაროსგან, თითქოს მაყურებელს რაღაც წმინდა და საიდუმლოს მოწმედ ხდის.
კაცი და ქალი ჩახუტებულ მდგომარეობაში არიან გამოსახულნი. მათი ერთიანობა ხაზგასმულია არა მხოლოდ ჟესტით, არამედ, ერთგვარად, მათი სამოსის ორნამენტების კონტრასტითაც. კაცის მოსასხამს ამშვენებს მკაცრი გეომეტრიული ფიგურები - შავი და თეთრი მართკუთხედები, რომლებიც სტაბილურობას, ძალასა და, შესაძლოა, რაციონალურობას სიბოლიზირებენ. ამის საპირისპიროდ, ქალის კაბა დაფარულია მრგვალი ფორმებით, რაც მის სინაზესა და მგრძნობელობაზე მიანიშნებს. ეს ორნამენტების კონტრასტი თითქოს მიგვითითებს მამაკაცურ და ქალურ საწყისებზე, რომლებიც, მიუხედავად მათი განსხვავებისა, სრულყოფილად აბალანსებენ და ავსებენ ერთმანეთს. თუმცა მამაკაცის სამოსზე შეგვიძლია შევნიშნოთ მცირე რაოდენობით მრგვალი, ხოლო ქალისაზე - მართკუთხა ორნამენტები, რაც შესაძლოა მიანიშნებდეს იმაზე, რომ მამაკაცის ბუნებასაც ახასიათებს სინაზე და მგრძნობელობა, ხოლო ქალისას - ძალა და რაციონალურობა.
ქალს ნაზად უდევს ხელი კაცის ხელზე, რაც მის მიმართ ნდობასა და მათი ურთიერთობის სინაზეს გამოხატავს. ამგვარი ხელების განლაგება სიახლოვესა და დაძაბულობის არარსებობას უსვამს ხაზს, რაც მათ შორის არსებულ ღრმა ემოციურ კავშირს გადმოსცემს. კოცნა აქ ვნებით აღსავსე არ არის, ის სავსეა სინაზითა და პატივისცემით. კაცი ქალისკენ არის დახრილი, მისი ხელი ქალის თავს იჭერს, რაც სიმბოლიზირებს დაცვასა და მხარდაჭერას. ქალი თვალებს ხუჭავს და ოდნავ უკან იწევს, თითქოს მთლიანად მინდობილი ამ მომენტს, სიმბოლურად გამოხატავს მზადყოფნას მიიღოს სიყვარული.
ფერთა პალიტრა, გაჯერებული ოქროსფერითა და თბილი ტონებით, ქმნის ჰარმონიისა და თითქმის საკრალური სიმშვიდის ატმოსფეროს. ოქროსფერი ტონები იწვევს აღმატებულობისა და მარადიულობის განცდას, ხოლო თბილი ტონები ამძაფრებს სიახლოვისა და ემოციური კომფორტის შეგრძნებას. ამ „კოცნაში“ კლიმტი გვახსენებს, რომ ჭეშმარიტი სიყვარული უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ვნება. ის სცდება დროსა და სივრცეს, აერთიანებს ადამიანებს ერთიან მომენტში, სადაც მათი ინდივიდუალობები არ იკარგება, თუმცა პოულობს ახალ, უმაღლეს ერთიანობას.
ზომა: 180 x 180
ზეთი, ტილო
ბელვედერის სასახლე, ვენა, ავსტრია
გუსტავ კლიმტი (1862-1918)
Made on
Tilda