გადამისამართება მოხდება გადახდის გვერდზე (Apple Pay, Google Pay, Mastercard, Visa, American Express)
თქვენი კალათა
World Gallery
კლოდ მონე: შთაბეჭდილება, ამომავალი მზე
Impression, Soleil Levant - ნამუშევარი, რომელმაც არა მხოლოდ შექმნა ახალი მიმართულება ხელოვნებაში, არამედ შეცვალა ჩვენი სამყაროს აღქმა და მისი გამოხატვის გზა.
როდესაც კლოდ მონე ხატავდა ამ ნამუშევარს 1872 წელს, პარიზი ჯერ კიდევ იშუშებდა იარებს, რომლებიც მტკივნეული და წარუმატებელი ფრანკო-პრუსიული ომის შემდეგ დარჩა. მონეს ნამუშევარი თითქოს პასუხია ამ ქაოსზე და არასტაბილურობაზე - მომენტის და შთაბეჭდილებების ფიქსაცია, ერთგვარი მშვიდი მედიტაცია იმაზე, რაც აუცილებლად გაივლის.
იმპრესიონზმი, რომლის სახელიც სწორედ ამ ნახატიდან მომდინარეობს, ხელოვნებაში რადიკალური ცვლილების სიმბოლო გახდა. ტრადიციული რეალისტური და აკადემიური სტილებისაგან განსხვავებით, იმპრესიონისტები ცდილობდნენ გადმოეცათ არა ობიექტური რეალობა, არამედ უფრო სუბიექტური შეგრძნებები და წამიერი შთაბეჭდილებები ნანახისგან. მათ უარი თქვეს მკაცრ ხაზებსა და დეტალიზაციაზე, ნაცვლად ამისა ისინი იყენებდნენ სწრაფ მონასმებს, რათა ცოცხალი და დინამიური ატმოსფერო შეექმნათ.
ნატახის ფერთა გამა და ტონები ზუსტად გამოხატავენ მზის ამოსვლის ატმოსფეროსა და მის ზემოქმედებას გარემოზე. მონე აქ არ მიისწრაფვის დეტალიზაციისკენ, მისი მიზანია წამის დაფიქსირება, რომლის შენარჩუნებაც შეუძლებელია. ამ ნახატში ყველაფერი ერთიანდება და მოძრაობს: წყალი, ნავსადგური, ღრუბლები, მზე - ეს ყველაფერი ერთიანდება ფერების მსუფუქ შტორმში.
როგორც იმპრესიონიზმის ნამდვილი პიონერი, მონე ყურადღებას ამახვილებს მოძრაობის, შთაბეჭდილებისა და წამის დაჭერის მნიშვნელობაზე. მისი ხაზები და ფერები არ გვაძლევენ დეტალების დანახვის შესაძლებლობას, მაგრამ გვაძლევენ საშუალებას განვიცადოთ მომენტი, აღვიქვათ სამყარო ისეთად, როგორიც ის იყო მაშინ, იმ წუთში. ეს იყო ახალი ტენდენცია, რომელმაც დაანგრია ხელოვნების მკაცრი აკადემიური კანონები საფრანგეთში და შეცვალა მსოფლიო ხელოვნების განვითარების კურსი.
როდესაც ვუყურებთ ამ ნახატს, ჩვენ ვგრძნობთ არა მხოლოდ მზის ამოსვლის სილამაზეს, არამედ სამყაროს მელანქოლიას, ყოფიერების სიმშვიდეს. ეს ნამუშევარი თითქოს გვეუბნება, რომ წამის დანახვაში და აღქმაშია მთლიანი არსი - ყველაზე ღირებული არის ის, რისი შენარჩუნებაც შეუძლებელია.
Impression, Soleil Levant-ის მნიშვნელობა ხელოვნების ისტორიაში უდიდესია. იმის გარდა, რომ ამ ნამუშევარმა, იმპრესიონიზმს მისცა დასაბამი, მან ასევე აჩვენა მაყურებელს, რომ ხელოვნება შეიძლება იყოს სრულიად განსხვავებული გამოცდილება - მას შეუძლია გაგვიყვანოს ახალი სამყაროს განზომილებებში, სადაც დრო და სივრცე ჩერდება და სადაც მხოლოდ შთაბეჭდილებები რჩება.